თურქეთი – ქვეყანა ჰიპერინფლაციის ზღვარზე

 

თურქეთში ძალიან უჩვეულო ეკონომიკური კრიზისია - წარსული შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად კრიზისის მიზეზი ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემა არ არის. 

თურქეთის ეკონომიკა, რომლისთვისაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რჩებოდა, უკვე მიყოლებით მეორე თვეა, რაც ექსპორტის ზრდისა და ტურისტული ნაკადის ზრდის ხარჯზე უფრო მეტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს. 

სინამდვილეში თურქული ლირის პრობლემები ერთი ადამიანის ექსცენტრულ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანის უზარმაზარ გავლენას უკავშირდება, რომელიც ამ უკანასკნელს ქვეყნის ეროვნულ ბანკზე აქვს. საუბარია თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიპ ერდოღანზე. 

პრეზიდენტი ლირის გაუფასურებას გარე ძალებს აბრალებს, თუმცა სავალუტო კრიზისის ბოლო ეტაპი მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერდოღანმა ეროვნული ბანკის კიდევ ერთი პრეზიდენტი გადააყენა პოსტიდან - რესპექტაბელური ტექნოკრატი ნაჯი აგბალი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მესამე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, რომელიც ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა. 

აგბალის შემდეგ ბანკის პრეზიდენტად ერდოღანის ლოიალისტი საჰაფ კავჩიოღლუ დაინიშნა.

მოკლე პერიოდში ლირა 15%-ით გაუფასურდა, თუმცა მალევე შედარებით გამყარდა. კავჩიოღლუს გადაწყვეტილებით და ერდოღანის მოთხოვნით თურქეთის ეროვნული ბანკი უკვე სამი თვეა, რაც რეფინანსირების საბაზისო განაკვეთს ამცირებს. შედეგად ნოემბერში ლირის ვარდნა კიდევ უფრო გაძლიერდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ოქტომბერში თითქმის 20% იყო, ბანკმა განაკვეთები მაინც შეამცირა.

წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელი 20.7%-ს მიაღწევს, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. სავალუტო კრიზისი თურქეთში სწორედ 2018 წელს დაიწყო. 

ნოემბრის დასაწყისიდან, თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 28%-ითაა გაუფასურებული. ეკონომისტების აზრით, თუ პრეზიდენტი ერდოღანი კვლავ გააგრძელებს ე.წ. განაკვეთების ფიქსაციის პოლიტიკას, ქვეყანას ჰიპერინფლაციის საფრთხე ემუქრება. 

თურქეთი ძალიან დამოკიდებულია იმპორტზე და სხვადასხვა ნედლეულზე, რომლებიც ლირის გაუფასურების პროპორციულად ძვირდება. არსებული პროგნოზებით თურქეთში წლიურმა ინფლაციამ შესაძლოა 30%-საც გადააჭარბოს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისში ლირის მსგავსად უფასურდებოდა სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებიც.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ დაწყებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტმა, რაც პრობლემური აქტივების შეძენას და ამ გზით ეკონომიკის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, დოლარი გლობალურად გაამყარა.

მიუხედავად ამისა, ცნობილია რომ მომდევნო თვეებში ფედერალური რეზერვი პროგრამის მასშტაბებს შეამცირებს, რასაც წესით დოლარის არსებითი გაუფასურება მოჰყვება. 

"ეკონომიკური დამოუკიდებლობის ომი"

 

რეჯეფ თაიპ ერდოღანი და თურქეთის ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი საჰაფ კავჩიოღლუ

გლობალური სირთულის ფონზე თურქეთის პრეზიდენტის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა ლირა კიდევ უფრო დააზარალა.

ერდოღანი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად და საჯაროდ ებრძოდა - როგორც თვითონ უწოდებს "განაკვეთების ლობის" - მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ინარჩუნებდა პრაგმატიზმს და გასულ წლებში ტექნოკრატებს განაკვეთების ზრდის საშუალებას აძლევდა. 

როგორც ჩანს, ამჯერად ერდოღანი უფრო თავდაჯერებულია და მზად არის ბოლომდე მისდიოს იდეოლოგიურ შეხედულებებს და ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს დაბალი საბაზისო განაკვეთები.

"მიმდინარე კრიზისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ომია",- განაცხადა ერდოღანმა კვირის დასაწყისში. 

პრეზიდენტის ექსცენტრული ნაბიჯების ფონზე ქვეყნის ოპოზიციურ ბანაკში მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და იმედოვნებენ, რომ ერდოღანი თავისი ერთპიროვნული მმართველობის ბოლო წლებშია -  თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ერდოღანის მხარდაჭერის რეიტინგი თვიდან თვემდე მცირდება - მაღალი ინფლაციის გამო, თურქების ცხოვრების დონე მუდმივად უარესდება. თავის პირველ არჩევნებში ერდოღანი და მისი ისლამისტური პარტია ხალხს ეკონომიკურ აღმასვლას და შემოსავლების ზრდას ჰპირდებოდა. 

მშენებლობის ბუმისა და საერთაშორისო სავალუტო პროგრამის [IMF] წყალობით, ერდოღანი დანაპირებს მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა. მოგვიანებით, სამშენებლო ბუმი შენელდა, დასასრულს მიუახლოვდა საგარეო ვალით განპირობებული ეკონომიკური ზრდაც. საბაზისო განაკვეთების ხელოვნური შემცირებით ერდოღანი ეკონომიკისთვის იაფი ფულის მიწოდებას და ეკონომიკური დინამიკის გაძლიერებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. 

მიმდინარე კრიზისი თურქეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს - ინფლაციის არსებული მაჩვენებელი 20%-ს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ რეალური საბაზისო განაკვეთები -5%-ია. 

თუ ერდოღანი მომავალშიც გააგრძელებს საბაზისო განაკვეთების შემცირების პროგრამას, ლირა კიდევ უფრო გაუფასურდება და ამის პარალელურად გაიზრდება ფასებიც. ამ პირობებში მილიონობით თურქისთვის თავისი დანაზოგების გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ვალუტაში ინვესტირება იქნება, რომელიც ერდოღანის კონტროლს მიღმაა. 

სანამ თურქეთის პრეზიდენტს აზრი არ შეუცვლია, ქვეყანაში ორი მთავარი კითხვა არსებობს - რამდენ ხანს იქნება ერდოღანი პრეზიდენტი და რა ზიანის მოტანა შეუძლია კიდევ. 

მსგავსი სიახლეები