NATO-მ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალი რაკეტა გაანეიტრალა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალი ბალისტიკური რაკეტა NATO-მ გაანეიტრალა.

ვითარების არსი: 4 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უწყება წერს, რომ "ირანიდან გასროლილი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა დროულად გაანეიტრალეს."

  • "ინციდენტის შედეგად, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა" - წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, თურქეთი აცხადებს, რომ საკუთარი ტერიტორიისა და მოქალაქეების დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

"ჩვენი ნება და შესაძლებლობა უზრუნველვყოთ ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, უმაღლეს დონეზეა. მაშინ, როდესაც თურქეთი რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდამჭერია, მას შეუძლია საკუთარი ტერიტორიისა და მოქალაქეების დაცვა, მიუხედავად იმისა - ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად მტკიცედ და უპირობოდ გადაიდგმება ყველა საჭირო ნაბიჯი. შეგახსენებთ, რომ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ განწყობას." - წერია განცხადებაში.

დეტალები: ამავე განცხადებაში, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ "ყველა მხარეს" მოუწოდა "თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას გამოიწვევს."

  • "ამ კონტექსტში, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს NATO-სთან და სხვა მოკავშირეებთან." - წერს უწყება.

მსგავსი სიახლეები