თურქეთის სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - სულ მცირე, 16 ადამიანი დაიჭრა
თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები. შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შანლიურფას პროვინციაში, ქალაქ სივერექში მოხდა.
ვითარების არსი: გუბერნატორ ჰასან სილდაქის თქმით, 19 წლის თავდამსხმელმა, რომელიც იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, დაკავებამდე თავი მოიკლა. მისივე ინფორმაციით, მან ცეცხლი უმისამართოდ გახსნა, სროლა სკოლის ეზოდან დაიწყო და შემდეგ შენობაში განაგრძო.
- "ის ბავშვი იყო, დაახლოებით 17-18 წლის. მოულოდნელად (სკოლის ეზოში) მთავარი ჭიშკრიდან შემოვიდა. შემოსვლისთანავე იარაღი ამოიღო." - უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა IHA News-ს.
გუბერნატორის განმარტებით, თავდამსხმელს წარსულში კრიმინალური ისტორია არ ჰქონია, ხოლო თავად სკოლა მანამდე პოლიციის მიერ უსაფრთხო დაწესებულებად იყო შეფასებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილთა შორის 10 მოსწავლეა, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და სკოლის სასადილოს ერთი თანამშრომელი.