კვლევა: ტრამპის ტარიფებით აშშ-ს ეკონომიკა ზარალობს
მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები ექსპორტიორებისთვის საქმის გართულების ნაცვლად, მძიმე ტვირთად ადევს აშშ-ს ეკონომიკას.
ვითარების არსი: მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შემოღების სამიზნე უცხოური კომპანიები იყო, რეალურად ეს პოლიტიკა აშშ-ს ეკონომიკას აზარალებს.
- "ტარიფები არის საკუთარ კარში გატანილი გოლი". - ამბობს კილის ინსტიტუტის მკვლევარი ჯულიან ჰინცი.
- "იმის თქმა, რომ უცხო სახელმწიფოები იხდიან ამ ტარიფებს არის მითი. მონაცემები გვაჩვენებს, რომ გადასახადს ამერიკელები იხდიან". - ვკითხულობთ ჰინცის კვლევაში.
- მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 4 ტრილიონი დოლარის ღირებულების 25 მილიონ ერთეულზე მეტი მიღება-ჩაბარების დოკუმენტი.
- 2025 წელს აშშ-ს საბაჟო შემოსავალი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებმა გადაიხადეს, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ჩაშლილად: კველის თანახმად, უცხოელმა ექსპორტიორებმა ტარიფების მხოლოდ 4% გადაიხადეს, დანარჩენი 96% ამერიკელ მყიდველს დააწვა.
- ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არ შემცირებულა საექსპორტო ფასები.
- კვლევაში ასევე შესწავლილია 2025 წელს ბრაზილიისა და ინდოეთის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები: ბრაზილიისთვის იმპორტის ტარიფი გაიზარდა 50%-ით, ხოლო ინდოეთისთვის 25-50%-ით. მონაცემები აჩვენებს, რომ უცხოელმა ექსპორტიორებმა, ტარიფის კომპენსაციის მიზნით ფასები არ შეამცირეს.
- ექსპორტიორებს ტარიფები რომ გადაეხადათ, აშშ-ს ბაზარზე მათი პროდუქციის ფასები შემცირდებოდა - რაც არ მომხდარა.
- "აშშ-ში ინდოეთის ექსპორტი შევადარეთ კანადასა და ევროპაში ექსპორტს. როგორც ღირებულება, ისე ექსპორტის მოცულობა აშშ-ში შემცირდა, მაგრამ ინდოელი შემომტანების მიერ დაწესებული ფასი ერთეულ პროდუქტზე უცვლელი დარჩა". - წერს ჰინცი.
დიდი სურათი: საბოლოო ჯამში, კვლევის მიხედვით გამოდის, რომ ამერიკული კომპანიების შემოსავალი შემცირდება, ხოლო მომხმარებლებს გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები გაეზრდებათ. ქვეყნები ნაკლებ პროდუქციას შეიტანენ აშშ-ში და იძულებულები იქნებიან იპოვონ სხვა საექსპორტო ბაზრები.
- "შეიძლება ითქვას, რომ ტარიფები ყველასთვის წამგებიანია". - წერს ჰინცი დასკვნაში.