ესპანელი ფერმერები ევროპელ კოლეგებს შეუერთდნენ
ესპანელი ფერმერები ევროპის კავშირის მასშტაბით გამოსულ კოლეგებს შეუერთდნენ, რომლებიც ევროპული გაერთიანების გარემოსდაცვით პოლიტიკას, გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ შემოსავალს აპროტესტებენ.
დემონსტრანტების თქმით, რეგულაციები, რომლებიც EU-ს საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილია, მათთვის მოგების მიღების შესაძლებლობას ამცირებს.
გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.
ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას, საბერძნეთში კი დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საპროტესტო აქციაზე გამოსული ფერმერების თქმით, ისინი ქვეყანაში უკრაინიდან იმპორტირებულ დაბალფასიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„უკრაინულმა საქონელმა დაგვტბორა. ჩვენი ინტერესები დაცული არ არის. უკრაინის ომის გამო განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად საბიუჯეტო გარანტიები არ გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, მომავალ წელს, მომდევნო ხუთ წელიწადში“, - ვენცისლავ ვარბანოვი, სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.