ესტონეთი მზადაა რუსული აქტივები კიევს გადასცეს

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ესტონეთი გეგმავს შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემს ტალინის მიერ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ 9 იანვარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიჰკელ ტამმა განაცხადა.

Bloomberg წერს, რომ ესტონეთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელმაც რუსული აქტივები კიევს გადასცა. სხვა ქვეყნებს მსგავსი მექანიზმის შექმნის შესახებ არ გამოუცხადებიათ.

იგივე სააგენტო გერმანიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გერმანია ასევე განიხილავს რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას, სადაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული. თუმცა, ბერლინი ელოდება ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას და არ არის მზად სარისკო ინდივიდუალური ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება სასამართლო პროცესების ტალღა გამოიწვიოს.

ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების მთლიანი მოცულობა 20 მილიონი დოლარია. მთლიანობაში, ევროკავშირმა 68 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა, ამ თანხის 90% ბელგიაში, ლუქსემბურგში, იტალიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, ავსტრიასა და საფრანგეთშია.

მსგავსი სიახლეები