ესტონეთის პრემიერი: პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის

 

ევროპამ უნდა დაასრულოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და გერმანიამ ღიად უნდა თქვას, რომ Nord Stream 2 არასდროს ყოფილა კომერციული პროექტი, განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კაია კალასმა გერმანიის მიერ ესტონეთის არმიის ჰაუბიცების უკრაინისთვის მიწოდების დაბლოკვაც გააკრიტიკა. ჰაუბიცები წარსულში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა, ამიტომ უკრაინისთვის გადასაცემად ესტონეთს გერმანიის ნებართვა სჭირდება. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი კონფლიქტის ზონებში შეიარაღებას არ აგზავნიან.

კალასის თქმით, ეს თავდაცვითი შეიარაღებაა და იმედი აქვს გერმანიის პოლიტიკა ამ მიმართულებით შეიცვლება.

ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და დასავლეთმა მას ეს უნდა აჩვენოს. კალასის განმარტებით, რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატო 1997 წლამდე საზღვრებს დაუბრუნდეს, ესტონეთს საფრთხეს უქმნის.

უკრაინაში ვითარების დაძაბვის ფონზე, წინა კვირაში ესტონეთში ამერიკული ავიაგამანადგურებლების, F-15-ების ჯგუფი ჩაფრინდა. გამანადგურებლები ქვეყნის საჰაერო სივრცეში პატრულირებას დაიწყებენ.

კაია კალასი საქმიანობას 2021 წლის ნოემბერში შეუდგა. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სიმ კალასის შვილია.

 

მსგავსი სიახლეები