ესტონეთის პრემიერი ქმრის "რუსული ბიზნესის" გამო თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მეუღლის "რუსული ბიზნესის" გამო თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
ამის შესახებ ERR წერს.
კალასს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თანამდებობაზე დარჩენა იმ სკანდალის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მის ქმარს ეკუთვნის კომპანია, რომელიც კლიენტებს რუსეთში ემსახურებოდა.
"მე არ ვაპირებ გადადგომას. როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიბრძოლებ უკრაინისა და ესტონეთის თავისუფლებისთვის," - უპასუხა კაია კალასმა.
მან ასევე თქვა, რომ თუ ზოგიერთი კომპანია სანქციებს არღვევს, ეს უნდა დაისაჯოს, ხოლო რუსეთში კლიენტებთან თანამშრომლობა, რაც არ არის აკრძალული, მორალური კომპასის საკითხია.
მანამდე კალასმა განმარტა, რომ Stark Logistics, სადაც მისი ქმარი არვო ჰალიკი წილს ფლობს, ტრანსპორტირებას ახორციელებდა არა რუსი პარტნიორისთვის, არამედ ესტონური კომპანიისთვის, რომელსაც რუსეთში აქვს ბიზნესი. ის ასევე აცხადებს, რომ სკანდალამდე არ იცოდა ქმრის სამეწარმეო საქმიანობის დეტალები.
ჰალიკმა გამოაცხადა, რომ ის თავის წილს ყიდის, კომპანიას ტოვებს და შექმნილი სიტუაციისთვის ბოდიში მოიხადა.
ესტონეთის უშიშროებამ განაცხადა, რომ Stark Logistics-ის საქმიანობა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ არღვევს.
იმავდროულად, ორმა ესტონურმა გაზეთმა კალასს გადადგომისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ აზრს ესტონელთა უმრავლესობა იზიარებს.