ესტონეთის პრეზიდენტი ხერსონზე: ვამაყობ მამაცი უკრაინელებით
ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა პარასკევს განაცხადა, რომ ის "ამაყობს" უკრაინელებით, რომლებმაც ხერსონი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
"ვამაყობ, რომ მამაცი უკრაინელები ხერსონს უკრაინის კონტროლის ქვეშ აბრუნებენ. ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელების გვერდში ვდგავართ, სანამ ისინი სრულად არ აღადგენენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს კარისი სოციალურ ქსელში.
14 ნოემბერს ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ ქალაქი და ხერსონის რეგიონი ოკუპირებული იყო.
ხერსონის აღებას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა.
"ვტირი, როდესაც ვხედავ ხერსონში თავისუფლების დაბრუნებას, უკრაინელები თავიანთ ჯარისკაცებს ეხუტებიან და ლურჯი და ყვითელი დროშებია აღმართული. ესტონელები სიამაყით და სოლიდარობისა და მხარდაჭერის ღრმა გრძნობით უყურებენ თქვენს მამაცობას", - წერს კალასი სოციალურ ქსელში.