ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები: უკრაინის მხარდამჭერთა ტრიუმფი
5 მარტს ჩატარებული ესტონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადებულია. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის რეფორმების პარტიამ პოზიციები გაიმყარა - მათ ახალი მოწვევის პარლამენტში სამი მანდატით მეტი ექნებათ.
კაია კალასის მთავრობა ევროპაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. სამხედრო ბიუჯეტთან შეფარდებით, უკრაინისთვის არც ერთ ქვეყანას გამოუყვია ესტონეთზე დიდი სამხედრო დახმარება.
უკრაინა და ესტონეთის უსაფრთხოება საარჩევნო კამპანიისას მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
მეორე ადგილზე გასული კონსერვატიული ხალხის პარტია (EKRE), მართალია, რუსეთის კრიტიკისგან თავს არ იკავებდა, თუმცა კალასის მთავრობისგან განსხვავებით, ესტონელებს უკრაინის დახმარების შემცირებასა და დაზოგილი ფულით გაზრდილ ფასებთან უკეთ გამკლავებას ჰპირდებოდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ესტონელ ამომრჩეველს უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა საკუთარი კომფორტის ფასადაც არ სურს - EKRE-მ რეფორმების პარტიაზე თითქმის ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო და ორი მანდატიც დაკარგა.
გუშინდელი არჩევნები დიდი იმედგაცრუება იყო ესტონეთის ცენტრის პარტიისთვისაც. ეს პარტია წარსულში პოპულარობით სარგებლობდა ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობაში (ესტონეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ეთნიკურად რუსია).
ცენტრის პარტიამ ათი მანდატი დაკარგა, რასაც ისინი სწორედ რუსულენოვან ამომრჩეველთან გაუცხოებას უკავშირებენ.
პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ, იაანუს კარილაიდმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გართულდა.
თავის მხრივ, ბარიერი ვერ გადალახა გაერთიანებული მემარცხენეების პარტიამ, რომელიც ესტონეთის კომპარტიის მემკვიდრეა და რუსულენოვან მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს.
ძლიერი მანდატი უკრაინის დახმარებისთვის
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კაია კალასმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან და მისმა პარტიამ მიიღო "ძლიერი მანდატი" უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად.
ესტონეთმა თავისი სამხედრო ბიუჯეტის 44% უკვე გადასცა უკრაინას და ნატო-ს ქვეყნების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც აღებული პირობის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს.
მაგრამ კაია კალასის მთავრობა ამაზე აღარ გაჩერდება - ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 3%-მდე გაზრდას გეგმავს.