ესტონეთი: საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია დამაჯერებლად ლიდერობს
კვირას, 5 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ამ დროისთვის დათვლილია ხმათა საერთო რაოდენობის 95%-ზე მეტი, პირველ ადგილზე კი პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ლიბერალური რეფორმების პარტიაა 31.8%-ით.
წინა არჩევნებთან შედარებით, კაია კალასის პარტიას ოთხით მეტი, 38 საპარლამენტო მანდატი ექნება.
პრემიერ-მინისტრმა გამარჯვების სიტყვა უკვე წარმოთქვა და შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"როგორც ჩანს, ამომრჩეველმა თავისი სიტყვა თქვა. ეკრანზე რასაც ვხედავ, არც ისე ცუდი შედეგი გვაქვს", - განაცხადა კაია კალასმა, რომელიც ესტონეთის მთავრობას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
მეორე ადგილზე გადის კონსერვატიული სახალხო პარტია (EKRE) ხმების 15.9%-ით. ევროსკეპტიკულ პარტიას რიიგიკოგუში ორი მანდატით ნაკლები ექნება.
პარტიის ლიდერმა, მარტინ ჰელმემ განაცხადა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის შედეგებს არ ენდობა და გადათვლას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ სანამ ონლაინ ხმის მიცემის შედეგები შემოვიდოდა, EKRE პირველ ადგილზე იყო.
წელს ესტონელების მესამედმა ხმა სახლიდან გაუსვლელად მისცა. ონლაინ ხმის მიცემა ესტონეთში 2005 წელს დაინერგა და მას შემდეგ, სულ უფრო და უფრო ნაკლები ესტონელი იწუხებს თავს საარჩევნო უბანზე მისასვლელად.
თავის მხრივ, მარტინ ჰელმე 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შედეგითაც ყოფილა კმაყოფილი და აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპს "გამარჯვება მოპარეს."
ცენტრის პარტია, რომელიც წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა და 2019-21 წლებში EKRE-სთან კოალიციაში მართავდა ქვეყანას, ამჯერად მესამე ადგილზე გადის 14.5%-ით.
მათ წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით 10 მანდატით ნაკლები ექნებათ.
წლევანდელი წარუმატებლობის მიზეზად ცენტრის პარტიაში რუსულენოვანი ესტონელების გაუცხოებას მიიჩნევენ.
ესტონეთის მოსახლეობის დაახლოებით 25% ეთნიკურად რუსია. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ესტონეთის ინდუსტრიულ მხარეებში რუსებს მასობრივად ასახლდებდნენ.
ცენტრის პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ, იაანუს კარილაიდმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გართულდა.
ესტონეთის პარლამენტში წელს პირველად მოხვდება ლიბერალური პარტია ესტონეთი 200, რომელსაც წინა ჯერზე სულ ცოტა დააკლდა 5%-იანი ბარიერის გადალახვამდე.
ამჯერად მათ ხმების 13.5%, შესაბამისად 14 მანდატი მოიპოვეს და ბარიერი კომფორმტულად გადალახეს.
პარტიაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ, შეკრავენ თუ არა კოალიციას კაია კალასის რეფორმების პარტიასთან. იდეოლოგიურად, ყველაზე მეტად სავარაუდო სწორედ ამ ორი პარტიის ალიანსია.
წლევანდელი მოწვევის რიიგიკოგუში კიდევ ორი, ესტონეთისთვის უკვე ტრადიციული პარტია შევა - სოციალ-დემოკრატები და ქრიუსტიან დემოკრატიული პარტია სამშობლო. მათ, შესაბამისად, ხმების 9.4% და 8.3% მოიპოვეს.
წელს მათი მხაჭერა შემცირებულია - სოციალ-დემოკრატებმა ერთი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა ოთხი მანდატი დაკარგეს.