ევროკავშირი ჩინეთს ლიეტუვისთვის სავაჭრო შეზღუდვების დაწესების გამო უჩივის
ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) სარჩელი შეიტანა ჩინეთის მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ „დისკრიმინაციული“ სავაჭრო პოლიტიკის გატარების გამო.
ჩინეთმა ბალტიის ქვეყანასთან ვაჭრობა თითქმის შეაჩერა მას შემდეგ, რაც ვილნიუსში ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელიც „ტაივანის“ სახელს ატარებს.
პეკინი კუნძულოვან ქვეყანას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მას „ჩინეთის ტაიპეიდ“ მოიხსენიებს.
ლიეტუვის მიერ ტაივანთან ურთიერთობების გაძლიერების ფონზე ჩინეთმა ვილნიუსიდან ელჩი გამოიწვია.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, პეკინი მსხვილ ევროპულ კომპანიებს ლიეტუვაში ინვესტიციების ჩადებისგან თავის შეკავებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სავაჭრო შეზღუდვების შემოღებით ემუქრება.
ლიეტუვას, რომელიც ევროკავშირის საერთო ბაზრის წევრია, ინტერესებს ბრიუსელი იცავს.
„მას შემდეგ, რაც WTO-ს დავების მოგვარების საბჭოში საკითხის აღმოფხვრა ვერ შევძელით, [საჩივრის შეტანის გარდა] სხვა გზას ვერ ვხედავთ“, - აცხადებს ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისი.
„ევროკავშირი ერთობლივად იმოქმედებს იმ ზომების წინააღმდეგ, რომლებიც ერთიან ბაზარს უქმნიან საფრთხეს“, - ამბობს ევროკომისარი.