მოკლედ მოყოლილი | კუნძულის შესაძლებლობა. რით მოიგო ტაივანმა აღმოსავლეთევროპელების გული?

 

18 ნოემბერს ტაივანმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში „წარმომადგენლობითი ოფისი“ გახსნა.

კონტექსტი: კუნძულოვან ქვეყანას, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, დიპლომატიური ურთიერთობები სულ თხუთმეტ სახელმწიფოსთან აქვს. თუმცა, ბოლო დროს - ღია თუ ფარული გზებით - ტაივანი საერთო ენის გამონახვას სულ უფრო და უფრო მეტ სახელმწიფოსთან ახერხებს.

რა მოხდა? სულ ტაივანმა „ბებერ კონტინენტზე“ 28 მსგავსი წარმომადგენლობა გახსნა. თუმცა, ლიეტუვა ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კუნძულელ დიპლომატებს საელჩოს სახელწოდებაში „ტაიპეის“ (ტაივანის დედაქალაქი) ნაცვლად „ტაივანის“ გამოყენების უფლება დართო. ლიეტუვის დიპლომატიურ რევერანსს პეკინის მძაფრი რეაქცია მოჰყვა - ჩინეთი ბალტიის ზღვის ქვეყანასთან ურთიერთობების გაწყვეტის პირასაა.

შორეულ კუნძულს კეთილმოსურნეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს შორისაც აღმოაჩნდა. ცოტა ხნის წინ, ლიეტუვასთან ერთად, ტაივანს კორონავირუსის ვაქცინები ჩეხეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა გადასცეს. 2 დეკემბერს ტაიპეიში ჩატარებულ ღია საპარლამენტო ფორუმს კი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის დეპუტატები დაესწრნენ.

მაინც, რით მოიგო ტაივანმა აღმოსავლეთევროპელების გული?

„ტაივანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ავტორიტარიანიზმთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირედ აღიქვამენ“, - მარტინ იერჟევსკი, ტაივანის მკვლევარი.

წარსული: ერთი მიზეზი უახლეს ისტორიაში შეიძლება ვეძიოთ. „რკინის ფარდის“ აღმოსავლეთით ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ კომუნისტური წარსული და ფასი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიხადეს. ბევრი აღმოსავლეთევროპელი რეპრესიულ ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის პარალელს ხედავს.

აწმყო: თუმცა, საქმე მხოლოდ ისტორიის მსგავს აღქმაში არ უნდა იყოს. 2017 წელს ჩეხმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ჩინეთი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს. 2018 წელს ჩეხეთის დაზვერვამ ჩინელი ჯაშუშების ქსელი რუსეთის აგენტურაზე უფრო მეტი საფრთხის შემცველად დაასახელა.

  • ბელარუსის - ჩინეთთან დამეგობრებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - ევროპელი მეზობლები შეშფოთებული არიან უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში მინსკისა და პეკინის გახშირებული თანამშრომლობით.

გვერდს ვერ ავუვლით ეკონომიკას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩინეთთან ვაჭრობით დიდი ხეირი ვერ ნახა. 2000-2019 წლებში ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და სლოვაკეთმა ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 100-100 მილიონი ევრო მიიღეს - რამაც ამ ქვეყნების მშპ-ში იოტისოდენა წვლილი (1 %-ზე ნაკლები) შეიტანა. შედარებისთვის, ჩინურ ინვესტიციებზე გერმანიის ეკონომიკის 7 %-ი მოდის.

  • პარალელურად, ჩინურ ინვესტიციას მოკლებულ ქვეყნებში დიდი გეგმები აქვს ტაივანს. ტაივანის საინვესტიციო წრეები აღმოსავლეთ ევროპაში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის (როგორიცაა 5G და ნახევრადგამტარები) სფეროს განვითარებას აპირებენ.

შავი პიარი: ჩინეთი შიშობს, რომ ბალტიის „თავნება“ ქვეყნებს შესაძლოა მხარი დასავლეთევროპელებმაც აუბან. ამიტომ, პეკინი „შავ პიარს“ მიმართავს. 30 ნოემბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლიეტუვას „რასისტული და ანტისემიტური“ წარსული გაუხსენა.

  • ჩინეთმა კარგად უწყის, რომ ტაივანისგან განსხვავებით - სადაც ლგბტ თემის უფლებებს საგულდაგულოდ იცავენ - პოლონეთსა და ლიეტუვაში არალიბერალური განწყობებია გამეფებული და შესაძლოა, რუსეთის მსგავსად, „კონსერვატიული მორალის კარტის“ გათამაშებაც სცადოს.

(უფრო) ძლიერი მეგობრები: მიუხედავად პეკინის ძალისხმევისა, ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების სახით ტაივანმა საიმედო მოკავშირეები შეიძინა.

აღმოსავლეთევროპელების ხმა დემოკრატიის უფრო გავლენიან ქომაგებსაც მისწვდა - ევროპარლამენტი ტაივანთან ურთიერთობების განმტკიცებაზე საუბრობს, პრეზიდენტმა ბაიდენმა კი კუნძულის ხელისუფლება „დემოკრატიის მსოფლიო სამიტზე“ მიიწვია.  

 


პეკინსა და ტაიპეის შორის ურთიერთობა უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით დაიძაბა. ჩინეთის ავიაცია ტაივანის საჰაერო ზონებში ინტენსიურ ფრენებს ახორციელებს, რაც კუნძულის მთავრობას აფიქრებინებს, რომ პეკინი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.

 

მომზადებულია The Economist-ზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები