ჩინეთმა ლიეტუვას დიპლომატიური სტატუსი დააქვეითა
ვილნიუსში ტაივანის ოფისის გახსნის შემდეგ ჩინეთმა ლიეტუვაში დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი ელჩიდან საქმეთა რწმუნებულის (chargé d’affaires) დონემდე ჩამოაქვეითა.
აგვისტოში ჩინეთმა პეკინიდან ლიეტუვის ელჩი გააძევა.
ტაივანთან ურთიერთობის დამყარებით, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, „ლიეტუვა ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეშად ერევა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ლიეტუვის მთავრობა შედეგებს საკუთარ თავზე იწვნევს“, - ნათქვამია განცახდებაში.
საპასუხო განცხადებაში ლიეტუვამ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ ერთგულება დააფიქსირა, რომელიც ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მხოლოდ პეკინის ხელისუფლებასთან გულისხმობს.
თუმცა, „ლიეტუვას აქვს უფლება, ტაივანთან თანამშრომლობა გააძლიეროს და, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ტაივანის წარმომადგენლობას უმასპინძლოს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვილნიუსში გახსნილი ტაიპეის წარმომადგენლობა არაოფიციალურად საელჩოს ფუნქციებს ითავსებს.
ჩინეთის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვას ბრიუსელის რეაქცია მოჰყვა.
„ევროკავშირი ჩინეთის ძალმომრეობის წინაშე ლიეტუვას გვერდით იდგება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკომისიის პრესპიკერმა.
ცოტა ხნის წინ ტაივანს ევროპარლამენტარების დელეგაცია ესტუმრა, რომლებმაც ტაიპეის მთავრობა მხარდაჭერა დაუდასტურეს.