ევროკავშირი ლიეტუვას ჩინეთთან სავაჭრო დავაში მხარს დაუჭერს
საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ლიეტუვას ჩინეთთან სავაჭრო დავაში სრულ განცხადებას უცხადებს.
ფრანკ რისტერმა განცხადება მარსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„რასაც ჩინეთი ლიეტუვას უკეთებს, აშკარად იძულების ფორმას ატარებს. ჩინელები ვაჭრობას და ეკონომიკას ჩვენზე პოლიტიკური წნეხის განსახორციელებლად იყენებენ.
ვაჭრობა ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა ნებისმიერ ფასად...არა უსამართლო კონკურენციის და ჩვენი ღირებულებების ფასად“, - ამბობს ფრანგი მინისტრი.
იანვარში ბრიუსელმა პეკინის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა ლიეტუვის წინააღმდეგ ჩინეთის „დისკრიმინაციული სავაჭრო პოლიტიკის“ გამო.
ჩინეთმა ბალტიის ქვეყანასთან ვაჭრობა თითქმის შეაჩერა მას შემდეგ, რაც ვილნიუსში ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელიც „ტაივანის“ სახელს ატარებს.
პეკინი კუნძულოვან ქვეყანას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მას „ჩინეთის ტაიპეიდ“ მოიხსენიებს.
ლიეტუვის მიერ ტაივანთან ურთიერთობების გაძლიერების ფონზე ჩინეთმა ვილნიუსიდან ელჩი გამოიწვია.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, პეკინი მსხვილ ევროპულ კომპანიებს ლიეტუვაში ინვესტიციების ჩადებისგან თავის შეკავებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სავაჭრო შეზღუდვების შემოღებით ემუქრება.
1 იანვრიდან საფრანგეთი ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს გარდამავალი თავმჯდომარეა და სავაჭრო ბლოკის დღის წესრიგს განსაზღვრავს.