ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად €250 მილიონს გამოუყოფს
ევროკავშირი მოლდოვას 250 მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, კიშინიოვში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოლდოვა სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რაც გულისხმობს როგორც გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებას, ასევე მათი საფასურის გადახდის შესაძლებლობას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ დაძლიოთ ეს კრიზისი", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა კიშინიოვისთვის მოამზადა 200 მილიონი ევროს დამატებითი დახმარების. აქედან 100 მილიონი ევრო არის საგრანტო კომპონენტი, 100 მილიონი კი სესხი. ეს თანხა 2023 წლის 1 იანვრიდან გამოიყოფა საჭიროებისამებრ ენერგო ხარჯების დასაფარად.
"გარდა ამისა, დამატებით 50 მილიონი ევრო გამოიყოფა საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების დასახმარებლად“, - განმარტა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. მან გაიხსენა, რომ 2022 წელს ევროკავშირმა უკვე გამოუყო მოლდოვას 840 მილიონი ევრო სესხებისა და გრანტების სახით.