ევროკავშირი თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა მსოფლიოში

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ სულ 105 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამრიგად, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარების დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთში.

ეს მონაცემები 10 ნოემბერს, ბიზნესგამოცემა РБК-მ ანალიტიკურ კომპანია Kpler-ის ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

2021 წლის იმავე ათ თვეში ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 64 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო გასულ წელს ჯამში - 71.8 მილიარდი. 2022 წელს, Kpler-ისა და Skoltech-ის ექსპერტების აზრით, თხევადი ბუნებრივი იმპორტის მაჩვენებელი 123-125 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

საპირისპიროდ, ჩინეთი ამცირებს შესყიდვების მოცულობას: 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ჩინეთმა მიიღო 69/9 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 87.5 მილიარდი, ხოლო მთლიანობაში 2021 წელს - 108 მილიარდი კუბური მეტრი.

წარსულში ჩინეთი თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო მსოფლიოში.

2021 წელს ევროპის ქვეყნებში გაზის მოხმარების დაახლოებით 40% რუსეთიდან იმპორტირებულ მილსადენის გაზზე მოდიოდა, ხოლო მხოლოდ 18% იყო თხევადი გაზი. ახლა თხევადი ბუნებრივი აირის წილი 35%-მდე გაიზრდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები