ბოსნიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირი რეკომენდაციას გაუწევს - Politico
ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ Bloomberg-მა და Politico-მ 11 მარტს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
წყაროების ცნობით, 12 მარტს ევროკომისია შესთავაზებს ე.წ მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებსა და ძირითად დებულებებს ადგენს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირის ლიდერების მიერ რეკომენდაციების განხილვაა, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში შედგება.
დიპლომატები და ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ოფიციალურად დასაწყებად საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რაც ნაკლებად სავარაუდოა ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებამდე.
Politico აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, მათ შორის ავსტრიისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი, ბოსნია და ჰერცეგოვინის მომავალ გაწევრიანებასთან ერთად.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ცდილობს დააჩქაროს თავისი დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული გაფართოების პროცესი, რათა თავიდან აიცილოს მისი მეზობლების იმ ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევა, რომლებიც არ იზიარებენ მის ღირებულებებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.
ევროკომისიამ ასევე უნდა წარმოადგინოს ანგარიში, თუ როგორ უნდა მოამზადოს ბლოკი შიდა გაფართოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის დასაშვებად. მაგრამ ამ დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც თავდაპირველად 27 თებერვალს იყო დაგეგმილი, 20 მარტამდე გადაიდო.
კონტექსტი
ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირთან დაახლოების შეთანხმებას ხელი 2008 წელს მოაწერა, რომლის საბოლოო რატიფიცირებაც მხოლოდ 2015 წლის იანვარში მოხდა.
2016 წელს ბოსნიამ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შემდეგ ევროკავშირმა უპასუხა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად შესრულებული მთელი რიგი პირობები, რომლებიც მის წინაშე იყო დასახული.
2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე ბოსნიისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა დააინიცირა.
2022 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს დასკვნები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.