ევროკავშირი რუსეთს: გაათავისუფლეთ ნავალნი
ორშაბათს ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან.
"დღეს ერთი წელი გავიდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან, რომელიც სამშობლოში მკვლელობის მცდელობის შემდგომი მკურნალობის დასრულების მერე დაბრუნდა," - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
"ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ნავალნი, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეასრულონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დროებითი ღონისძიება", - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ნავალნის დევნა "პოლიტიკურად მოტივირებულია".
რუსული ოპოზციის ლიდერს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა "ივ როშეს" საქმეზე მიუსაჯეს, რომელშიც ის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო.
2021 წლის 20 ოქტომბერს ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიენიჭა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში.