ევროკავშირი წევრ ქვეყნებს გაზის მოხმარების 15 %-ით შემცირებას სთხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მომდევნო თვეებში ბუნებრივი აირის მოხმარება 15 პროცენტით შეამცირონ.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას სავარაუდოდ სრულად შეაჩერებს.

ევროკომისიამ საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მოხმარების სავალდებულო შემცირებას გულისხმობს.

„რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ამიტომ, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპა მზად უნდა იყოს“, - განაცხადა ევროკავშირის ლიდერმა.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 26 ივლისს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

11 ივლისს რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენში ბუნებრივი აირის მიწოდება ათი დღით სრულად შეაჩერა.

გაზსადენზე, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მესამედი მოდის.

გასულ თვეში რუსულმა სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა ევროპაში ექსპორტი 40 პროცენტით შეამცირა.

მსგავსი სიახლეები