ევროკავშირი უკრაინას €500 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ევროპულმა საბჭომ 2 თებერვალს, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის წინა დღეს, მიიღო გადაწყვეტილება ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ. საუბარია დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებაზე და 45 მილიონი ევროს უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე გამოყოფაზე.
ამის შესახებ საბჭოს პრესსამსახური წერს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა Twitter-ზე აღნიშნა, ევროკავშირი EUMAM-ის მისიის ფარგლებში გაწვრთნის ორჯერ მეტ უკრაინელ სამხედროს, ვიდრე დაგეგმილი იყო - 30 ათას ადამიანს.
ბორელმა განაცხადა, რომ 30 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების ვალდებულების აღებით, გაწვრთნილი სამხედროების რაოდენობით ევროკავშირი ლიდერი გახდება უკრაინის პარტნიორებს შორის.
"უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამხედრო ტექნიკა და წვრთნა, რომელიც მას სჭირდება თავისი ტერიტორიისა და ხალხის რუსეთის აგრესიული ომისგან დასაცავად. ისინი არ იცავენ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, ისინი ასევე იცავენ ჩვენს საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. დღევანდელი ახალი ზომები იძლევა მკაფიო სიგნალს გადამწყვეტ მომენტში: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - თქვა ბორელმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.