ევროკავშირი: უკრაინაში ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტებს ეკისრებათ
ევროკავშირი "უკიდურესად შეშფოთებულია" დონბასში ვითარების მკვეთრი ესკალაციის გამო. ამის შესახებ ბრიუსელში, 18 თებერვალს, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Deutsche Welle-ს განუცხადა.
"ცხადია, პასუხისმგებლობა დონბასში სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. უკრაინის არმია მხოლოდ თავის პოზიციებს იკავებს", - ამბობს წყარო.
მისი თქმით, რაც ხდება "შეიძლება გავიგოთ როგორც თავდასხმის პროვოცირება ან როგორც [რუსეთის] მზადება თავდასხმისთვის".
"პირველ რიგში, ძალადობა უნდა შეწყდეს. მეორეც, ეს ტოქსიკური, ცრუ ნარატივი უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ეს უკვე სცილდება დეზინფორმაციას და გადადის ომის სფეროში. ეს განცხადებები ალბათ უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად კეთდება", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
17 თებერვალს დონბასში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 30 დასახლებული პუნქტი დაიბომბა, მათ შორის, საბავშვო ბაღი და რამდენიმე სკოლა, სადაც იმ დროს ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავდა ორი ჯარისკაცი და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე.
18 თებერვალს დონბასში უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დაბომბვა გაგრძელდა.
ამ ფონზე, დონბასელმა სეპარატისტებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ბევრი ანალიტიკოსი ევაკუაციას ომის დაწყების წინაპირობად აღიქვამს, რადგანაც მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთმა ცხინვალში, 2008 წლის აგვისტოშიც დაიწყო.