ევროკავშირმა ბრიტანული და სომხური კოვიდ-პასპორტები აღიარა
28 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის ორი არაწევრი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის და სომხეთის მიერ გაცემული კოვიდ-პასპორტები (კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტები) ცნო.
ევროკომისიის ამ გადაწყვეტილების შედეგად, სომხურ და ბრიტანულ კოვიდ-ცნობებს იგივე ძალა ექნება, რაც ევროკავშირის მიერ გაცემულ კოვიდ-პასპორტებს აქვთ.
სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, ევროკავშირის კოვიდ-ცნობები აღიარეს.
„ევროკავშირის ელექტრონული კოვიდ-პასპორტების წყალობით, უსაფრთხო მგზავრობა უკვე რეალობად იქცა და დანარჩენ მსოფლიოს სტანდარტს კარნახობს - ოთხ კონტინენტზე უკვე 45 ქვეყანაა ჩართული [ელექტრონულ სისტემაში]. ჩვენ ასევე სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ჩვენს სისტემას“, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.
დღესდღეობით, ევროკავშირი 18 არაწევრი ქვეყნის კოვიდ-პასპორტს აღიარებს. მათ შორის საქართველო არ არის.