ევროკავშირმა მოლდოვას 295 მილიონი ევროს დახმარება დაუმტკიცა
ევროკავშირში ადასტურებენ, რომ მოლდოვისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაორმაგდება, რაც ჯამში 295 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყნის, შვედეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მოლდოველ ხალხს შეუძლია "ევროკავშირის ნდობა ჰქონდეს."
"ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის დახმარებას. არსებული გარემოებების გათალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მოლდოვისთვის გამოყოფილი დახმარება გაგვეორმაგებინა."- განაცხადა ელიზაბეტ სვანტსონმა, შვედეთის ფინანსთა მინისტრმა.
გარდა ამისა, პირველ ივნის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები - ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი კიშინოვში გაემგზარვებიან, სადაც სპეციალურ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
მოლდოვაში გამგზავრებამდე ევროკავშირის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მთავრობის წევრებს შეხვდებიან.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის დედაქალაქში პრო-ევროპული მარში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ამ ღონისძიებას ძალიან აქტიური და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში.