ევროკავშირმა მშვიდობის ფონდის დაფინანსება €7.9 მილიარდამდე გაზარდა
14 მარტს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლამდე ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსება 7.98 მილიარდ ევრომდე გაზარდოს. ამ ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაც ფინანსდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
"ევროპის მშვიდობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერის განუყოფელი ნაწილი გახდა, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში. დღევანდელი გადაწყვეტილება ევროპის მშვიდობის ფონდის ფინანსურ ზღვარს 7.9 მილიარდ ევრომდე ზრდის", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
მისი თქმით, ამ ინსტრუმენტის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პარტნიორების მხარდასაჭერად, "რადგან მათი საჭიროებები კვლავ იზრდება."
ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 12 დეკემბერს მიღწეულ პოლიტიკური შეთანხმების აღსრულებაა, როდესაც ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა 2023 წელს ფონდის საერთო ფინანსური ზღვარი 2 მილიარდი ევროთი გაეზარდა.