ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ტრანსკასპიურ დერეფანზე €10 მილიარდს დახარჯავს
ევროკავშირი 10 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადენს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა 29 იანვარს, ბრიუსელში ჩატარებულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
"დღეს დამსწრე საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ 10 მილიარდი ევროს ინვესტიცია ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის, მათ შორის ევროკომისიის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ვალდებულებების, 1.5 მილიარდი ევროს ჩათვლით, ასევე დამატებითი სახსრები ევროკომისიის ღია საინვესტიციო გარანტიის არქიტექტურის ფარგლებში," - განაცხადა მან.
იმავე დღეს ბრიუსელში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მთავრობებთან, ასევე ყაზახეთის განვითარების ბანკთან, რომლის ღირებულებაც 1.47 მილიარდი ევროა.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს სესხები ევროკომისიის გარანტიებით გაიცემა.
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ყაზახეთთან 1.5 მილიარდი ევროს საინვესტიციო პროექტებისთვის, რომლებიც უკვე მზადდება ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ალტერნატიულ სავაჭრო გზებს ეძებს ევროპასა და აზიას შორის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გაივლის.