ევროკავშირმა უკრაინას €1.5 მილიარდის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო
დღეს, 25 აპრილს, ევროკავშირი უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს მაკროფინანსური დახმარების ტრანშს გაუგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ უკრაინას კიდევ 1.5 მილიარდ ევროს ჩავურიცხავთ, რომელიც ჩვენი წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, მისი ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას", - წერს ფონ დერ ლაიენი.
კონტექსტი
2022 წლის ნოემბრის ბოლოს, ევროპარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს 2023 წელს უკრაინის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი - 18 მილიარდი ევრო.
2023 წლის 16 იანვარს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირთან 2023 წელს 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
უკრაინამ პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო 17 იანვარს მიიღო, მეორე (1.5 მილიარდი ევრო) 21 მარტს.
მთლიანობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინას თითქმის 50 მილიარდი ევროს სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გამოუყო.