ევროკომისიამ ბოსნიისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა ბოსნია-ჰერცეგოვინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება 12 ოქტომბერს ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ბოსნია-ჰერცეგოვინას იმ პირობით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, მედიის და ქვეყანაში მიგრაციის კონტროლის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისია გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას, რათა დააჩქაროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია.
ბოსნია-ჰერცოგოვინამ ევროკავშირთან დაახლოების შეთანხმებას ხელი 2008 წელს მოაწერა. მისი რატიფიკაცია მხოლოდ 2015 წლის იანვარში მოხდა.
2016 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინამ ოფიციალურად შეიტანა ევროკავშირის წევრიბის განაცხადი. საპასუხოდ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულად შესრულებული მთელი რიგი პირობები, რომლებიც მისთვის ევროსტრუქტურების მიერ იყო დაყენებული. საუბარი იყო რეფორმებზე ეკონომიკაში, სოციალურ და მართლმსაჯულების სისტემებში, ასევე, საჯარო მმართველობის სტრუქტურაში.