ევროკომისიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმა მოამზადა - Spiegel

ევროკომისიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების სერიოზულად გაზრდისა და ევროკავშირში მარაგების შევსების გეგმა მოამზადა, რომლის წარდგენასაც წევრი ქვეყნებისთვის გეგმავს. ამის შესახებ Spiegel 1 მარტს წერს.

გამოცემის ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, გეგმა სამი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი გულისხმობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაუყოვნებლივ გაზრდას, მათ შორის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების. ევროკავშირი ამისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ეს ნაბიჯი უკვე დადგენილი სქემით განხორციელდება - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ამარაგებენ საბრძოლო მასალით და მათთვის ფულს იღებენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან. მისი დაფინანსება უკვე სამჯერ გაიზარდა, ყოველ ჯერზე 500 მილიონი ევროთი, ხოლო 2022 წლის დეკემბერში გადაწყდა მისი 2 მილიარდ ევრომდე გაზრდა.

მეორე ნაბიჯი გულისხმობს ევროპის თავდაცვის სააგენტოს, EDA-ს მიერ 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივ შეძენას ევროკავშირის ქვეყნების მარაგების შესავსებად და უკრაინისთვის მიწოდების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფას.

Spiegel-ის ცნობით, ეს პუნქტი შეიცავს მკაფიო გზავნილს: დრო, როცა ევროპაში მშვიდობა გარანტირებულად ითვლებოდა, დასრულდა, რუსეთის ინტერვენციით ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ახლა ევროკავშირის ქვეყნებმა ეს უნდა გაითვალისწინონ გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი საბრძოლო მასალის შეძენით. კომისია ასევე იმედოვნებს, რომ ერთობლივი შეკვეთა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასებს.

მესამე ნაბიჯი არის ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა. მან უნდა გადაჭრას ევროკავშირის ქვეყნებში მარაგების სწრაფი ამოწურვის პრობლემა.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-მა და ნორვეგიამ უკვე გამოხატა ინტერესი პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შვიდი წელი გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრები წინადადებებს მომავალ კვირაში სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ. გადაწყვეტილება შესაძლოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მომავალ სამიტზე, მარტის ბოლოს მიიღონ.

მსგავსი სიახლეები