ევროკომისიას რუსებისთვის ვიზების გამარტივებული გაცემის შეწყვეტა სურს
ევროკომისიის წინადადებით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივებული გაცემის შეთანხმება სრულად გაუქმდება.
კომისიის განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მოსდევს "მომატებულ რისკებსა და საფრთხეებს ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებისა და წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისადმი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად".
წინადადება გულისხმობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზებისთვის 35-ის მაგივრად 80 ევროს გადახდა მოუწევთ და მაქსიმუმ 15 დღიანი ლოდინის ვადა 45 დღემდე გაეზრდებათ.
გარდა ამისა, რუსებს შენგენის ვიზის მისაღებად მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ და ევროკავშირში მრავალჯერადი ვიზიტის უფლების მიღებაც გაურთულდებათ.
ევროკომისიის წინადადების დამტკიცებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობა დასჭირდება ევროკავშირის საბჭოში.