ევროპარლამენტის პრეზიდენტი: უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ 4 მარტს, ლვოვში, უკრაინელ სტუდენტებთან საუბრისას გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის სტუდენტებთან საუბრის ჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

"მთელი ევროკავშირის სახელით მინდა ვთქვა, რომ თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი. ევროპა და ევროკავშირი იქნება თქვენი სახლი", - თქვა მან სტუდენტებისადმი მიმართვაში.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ამისთვის სტუდენტებმა უნდა გააგრძელონ სწავლა და ხუმრობით დაამატა: "რა თქმა უნდა, არ გაძალებთ." და განმარტა, რომ უკრაინის მომავალი, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია ამჟამინდელი სტუდენტების ნიჭსა და ერთიანობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი რეგიონიდან არიან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ეწვია სასაფლაოს, სადაც დაკრძალული არიან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაღუპული უკრაინის დამცველები.

"ეს გვასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის თავგანწირვა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ გამარჯვებამდე. ბევრი რამ ვისწავლე უკრაინელებისგან და ყოველთვის მემახსოვრება თქვენი ეროვნული პოეტის, ტარას შევჩენკოს სიტყვები: "იბრძოლე - გაიმარჯვე." ეს სიმართლეა." - განაცხადა მეცოლამ.

მსგავსი სიახლეები