ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართული ოცნების წინააღმდეგ - რა წერია დოკუმენტში
8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ხუთი პარტიის- განახლებული ევროპა (Renew Europe), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) - მიერ წარდგენილ საერთო რეზოლუციას ევროპარლამენტმა დღეს, 9 ოქტომბერს, მხარი დაუჭირა.
რეზოლუციას 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მტკიცედ გმობს რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღებას და ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს ქვეყანაში "გამოხატვის თავისუფლების შელახვისთვის, მედია ცენზურისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების შემოღებისთვის ან მოწყვლადი პირების დისკრიმინაციისთვის იყენებს".
ევროკავშირი რეზოლუციის მხარდაჭერით ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები შეუსაბამობაშია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.
ამასთანავე, რეზოლუცია მტკიცედ უსვამს ხაზს, რომ თუკი ჩამოთვლილი კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პროგრესი შეუძლებელი გახდება.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოს მთავრობის მისამართით ყველა სახის დაფინანსება მანამ, სანამ ზემოხსენებული "არადემოკრატიული კანონები" უკან არ იქნება გაწვეული.
ერთობლივ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ასევე გმობს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციური პარტიების "აკრძალვის" შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინების მეთოდები სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას, და ამავდროულად ხელს უწყობს შიშის გაღვივებას.
ამას გარდა, მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროპარლამენტს, გამოიძიოს საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები.
რეზოლუციაში დაგმობილია "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის როლი" და პარტიები ერთობლივად მოუწოდებენ ევროპარლამენტს, მყისიერად დაუწესოს ივანიშვილს ინდივიდუალური სანქციები, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის.
ამასთანავე, რეზოლუცია ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი, მათზე, ვინც მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობასა და მათზე, ვინც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებს. აქვე, რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ს მხრიდან ქართული ოცნების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა.
ამასთანავე, რეზოლუცია გმობს ქართული ოცნების მხრიდან უკრაინის ომის სურათების გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და პრორუსული, ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში.
რეზოლუცია ასევე კვლავ იმეორებს ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის მყისიერ და უპირობო გამოშვების მოთხოვნას.