ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ.

მისი ერთ-ერთი შესწორება მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება.

გამოვხატავთ წუხილს ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეზე, რომელიც მას გააჩნია მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ჩათვლით; ღრმად გვაშფოთებს ივანიშვილის ღია პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით; მოვუწოდებთ [ევროკავშირის] საბჭოსა და პარტნიორებს, განიხილონ პირადი სანქციების შემოღება ივანიშვილისთვის მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში.

რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ევროპარლამენტმა დღეს ასევე მიიღო რეზოლუცია საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაცემაზე. ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის გადაცემას, თუმცა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნავენ, რომ "სამუშაოა გასაწევი".

მსგავსი სიახლეები