ევროპული საბჭო €2 მილიარდით ზრდის იმ ფონდის დაფინანსებას, რომელიც უკრაინას იარაღით ეხმარება
ევროპულმა საბჭომ ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას 12 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ ევროკავშირის მინისტრებმა ფონდის ფინანსური ზღვარი 2 მილიარდი ევროთი გაზარდეს 2023 წელს, შემდგომი ზრდისთვის. 2027 წლისთვის ფინანსური ლიმიტი 5.5 მილიარდ ევრომდე (2018 წლის ფასებით) იქნება.
"დღევანდელი გადაწყვეტილება მოგვცემს დაფინანსებას, რათა გავაგრძელოთ კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალებისთვის. ორ წელზე ნაკლებ დროში, ევროპის მშვიდობის ფონდმა დაამტკიცა თავისი ღირებულება. მან მთლიანად შეცვალა თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა." - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.
ფონდის გაზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში უნდა მიიღონ.
ევროპული საბჭოს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა, რათა უზრუნველყოს "სამხედრო და თავდაცვის საკითხებში კონფლიქტების თავიდან აცილება, მშვიდობის შენარჩუნების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით".
ფონდი არის ბიუჯეტგარეშე ინსტრუმენტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მასში წვლილი მთლიანი ეროვნული შემოსავლის პროპორციულად შეაქვთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა, ფონდი ეხმარება მოზამბიკს, საქართველოს, მოლდოვას, მალის, სომალს, ნიგერს და სხვა ქვეყნებს.