F-16-ის მწარმოებელი მზადაა უკრაინელი მფრინავები მოამზადოს
ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის ოპერაციულმა დირექტორმა ფრენკ სენტ ჯონმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა დაეხმაროს უკრაინელ პილოტებს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მომზადებაში, თუ ნატოს ქვეყნები დათანხმდებიან გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას.
"ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ახალი F-16-ის თვითმფრინავების მოთხოვნა, არამედ F-16-ის ნებისმიერი მოდიფიკაცია, ასევე წვრთნა და აღჭურვა," - თქვა მან.
Lockheed Martin-ის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინელი სამხედროების "წარმოუდგენელი უნარი" დაეუფლონ დასავლურ შეიარაღებას, კერძოდ, კომპანიის წარმოებულ GMLRS რაკეტებს და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს.
"(უკრაინელებმა. - რედ.) ძალიან სწრაფად აითვისეს ეს სისტემები და დიდი ეფექტურობით გამოიყენეს ისინი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ს დაეუფლებიან და მის ძალიან ეფექტურად გამოყენებას უმოკლეს ვადაში შეძლებენ." - თქვა სენტ ჯონმა.
მან აღნიშნა, რომ Lockheed Martin-მა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა განიხილოს საწარმოო ბაზის უკრაინაში ან მეზობელ ქვეყანაში შექმნა, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, რათა "უზრუნველყოს მუდმივი ყოფნა წვრთნებისა და ტექნიკური სამუშაოებისთვის."