ფაშინიანმა ОДКБ-ს დატოვებაზე საუბრისას, ორგანიზაციას ბუშტი უწოდა
12 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მაშინ გავა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ/CSTO), როდესაც ამას ხელისუფლება გადაწყვეტს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ტადევოს ავეტისიანთან კამათისას, ფაშინიანმა ორგანიზაციას "კავშირი-ბუშტი" უწოდა, რომლის წევრებმა არაფერი მოიმოქმედეს სომხეთის დასახმარებლად აზერბაიჯანთან ომში და, მეტიც, ბაქოს ომის დაგეგმვაშიც ეხმარებოდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის შემხვედრ კითხვაზე, თუ რატომ არ გადის სომხეთი კავშირიდან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - "გავალთ. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის გავალთ. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? უკან ხომ არ დავბრუნდებით! სხვა გზა არ არის".
13 ივნისს, სომხეთის პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დროს, ნიკოლ ფაშინიანი კვლავ ОДКБ-ს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ იქამდე, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკა მართავს. ამის მიზეზად მან ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის [ბელარუსის] ხელმძღვანელის განცხადება დაასახელა. ფაშინიანის თქმით, ის ჩართული იყო ამ ომის [2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი] სამზადისში, ამხნევებდა და წარმატებას უსურვებდა აზერბაიჯანულ მხარეს, მასთან განსახილველი არაფერი აქვს.
"მე ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელორუსში არ გავემგზავრები, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკა იქნება, და, ზოგადად, ვაცხადებ, რომ ამიერიდან, სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ წავა ბელარუსში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტში გამოსვლისას, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა წევრად ბელარუსი ან მოუხდის თუ არა ლუკაშენკო სომხეთის მოქალაქეებს ბოდიშს.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.