ფინეთის პრემიერი: რასაც ორბანი შვედეთის მიმართ აკეთებს, პუტინს ეხმარება
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ მისი უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შეფერხების გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ მან პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ორპომ მიუღებელი უწოდა უნგრეთის მიერ შვედეთის ნატოში შესვლის დაბლოკვას.
"არ არსებობს მიზეზი შვედეთის ნატოში შესვლის დასაბლოკად. შვედეთი მზად არის, ის აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. რასაც უნგრეთი აკეთებს, მიუღებელია. ჩვენ შვედეთი ნატოში წელს გვჭირდება, რათა უზრუნველყოს ბალტიისპირეთის უსაფრთხოება," - ხაზგასმით აღნიშნა მან.
კითხვაზე, არის თუ არა ორბანი პუტინის მოკავშირე, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: "რასაც ის აკეთებს შვედეთთან მიმართებაში, ეხმარება პუტინს."
ამავდროულად, ორპო მიიჩნევს, რომ ასეთი დახმარება შეიძლება იყოს მიზანმიმართული, მაგრამ მან არ იცის უნგრეთის პრემიერის მოტივაცია.
"ძალიან ვამაყობ, რომ ორი კვირის წინ ევროკავშირი შეთანხმდა უკრაინის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებაზე. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ 26-მა ქვეყანამ შეძლო გაერთიანება და არ დაემორჩილა ორბანის შანტაჟს... პოლონეთის ახალი მთავრობის წყალობით, ჩვენ შევძელით უნგრეთის ვეტოს გადალახვა უკრაინის მხარდასაჭერად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო," - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.
უნგრეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ დაუჭირა მხარი შვედეთის ალიანსში შესვლას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა შვედეთის კანდიდატურას იანვარში, მაგრამ ის მაინც უნდა დაამტკიცოს უნგრეთის პარლამენტმა.
საპარლამენტო კენჭისყრა ფორმალობა უნდა იყოს, რადგან ორბანის პარტია Fidesz-ს კომფორტული უმრავლესობა აქვს.