ფინეთში NATO-ში შესვლის მხარდაჭერა იზრდება: 62% ალიანსის წევრობის მომხრეა
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი კვლევის თანახმად, ფინელების 62% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.
9-11 მარტს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამხედრო ალიანსის წევრობის წინააღმდეგი ფინელების 16%-ია, ხოლო 20%-ს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.
ფინელების განწყობა NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დიამეტრულად შეიცვალა.
გასული ათწლეულების განმავლობაში ალიანსის წევრობა ფინელების 25%-ზე მეტს არ სურდა.
2022 წლის 23-25 თებერვალს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი NATO-ში შესვლას სკანდინავიური ქვეყნის მოსახლეობის 53% მიემხრო.
NATO-ში შესვლას უკვე ყველა ძირითადი ფინური პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა ემხრობა. განსაკუთრებით მკვეთრადაა შეცვლილი მემარცხენე და ცენტრისტული აგრარული პარტიების მხარდამჭერების განწყობა, რომელთა ამომრჩევლებიც წარსულში ალიანსში შესვლის წინააღმდეგნი იყვნენ.