ფიცო: არასოდეს დავეთანხმები უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ ის არასოდეს დათანხმდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

ამის შესახებ ფიცომ STVR-თან ინტერვიუში განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის "გზა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დასრულდება," მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

"სანამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მე ვიზრუნებ, რომ დეპუტატები, რომლებზეც მე მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის ლიდერს, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას." - თქვა მან.

ფიცომ გაიხსენა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიცირებას მოითხოვს.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის ნატოში შესვლა მესამე მსოფლიო ომის საფუძველი გახდება.

სლოვაკეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ, მას რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა სურს.

სექტემბრის დასაწყისში, ქალაქ სერედში ჰოლოკოსტის მუზეუმში ვიზიტის დროს, ფიცომ თქვა, რომ უკრაინაში "ნაცისტური ჯარები" იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები