ფონ დერ ლაიენი და მაკრონი ჩინეთს ეწვევიან
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, მომავალი თვის დასაწყისში ჩინეთ ეწვევა. ამის შესახებ POLITICO წერს.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, მაკრონმა თქვა, რომ მან ფონ დერ ლაიენს ჩინეთში ერთობლივი ვიზიტი შესთავაზა.
"მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგან საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი დიპლომატია - მაგრამ მე ევროპასთან კოორდინაციაში ვარ", - აღნიშნა მან.
მაკრონმა თქვა, რომ ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, მას შეუერთდება - ისევე როგორც კომისიის წინა ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2019 წელს, პარიზში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს უმასპინძლეს.
კომისიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ფონ დერ ლაიენი მაკრონთან ერთად ვიზიტს გეგმავს.
ჩინეთის ვიზიტის წინ, ფონ დერ ლაიენს მომავალ ხუთშაბათს, ბრიუსელში მიმართვა ექნება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან ეს ვიზიტი პარასკევს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა და თქვა, რომ ორივეს "საერთო ხედვა" აქვს.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის შესაჩერებლად, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ტერიტორიული სუვერენიტეტის პატივისცემით," - თქვა მან.
ამ კვირაში ჩინეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ეწვია. ამ ნაბიჯმა დასავლელი ლიდერები შეაშფოთა.
მაკრონის მოახლოებული ვიზიტის გარდა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ის ასევე მალე გაემგზავრება ჩინეთში.