ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი €1 მილიარდს გამოყოფს უკრაინის სწრაფი აღდგენისთვის
ევროკომისია 1 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სწრაფი აღდგენის პროგრამისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 3 თებერვალს, კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინას 50 მილიარდი ევრო გამოუყო, საიდანაც 18 მილიარდი 2023 წლის განმავლობაში ყოველთვიურ ტრანშებად ჩაირიცხება.
"დახმარება იმ ზარალის გამოსწორებაში, რასაც პუტინის ბომბები აყენებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მხოლოდ ერთი ნაწილია. მაგრამ შენობების, გზების, ზოგადად ინფრასტრუქტურის, სკოლების, საავადმყოფოების შეკეთება ყოველდღიური საქმეა, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ სწრაფი აღდგენა. ეს არის გათვალისწინებული უფრო ფართო აღდგენის პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პირველი 1 მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინის სწრაფი აღდგენისთვის." - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, "მუშაობა შეიძლება დაუყოვნებლივ დაიწყოს."