ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის გამოცხადება გადადო - Politico

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების თანამდებობაზე 26 კანდიდატის წარდგენა მომავალ კვირამდე გადადო.

ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ 11 სექტემბერს დილით, ფონ დერ ლაიენის გუნდი ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის ლიდერებს შეხვდებოდა, შემდეგ კი საჯაროდ გამოაცხადებდა კომისართა ახალ შემადგენლობას. ეს შეხვედრა შემდეგ კვირამდე გადაიდო, როდესაც ევროპარლამენტი სტრასბურგში შეიკრიბება.

9 სექტემბერს სლოვენიამ მარტა კოსის კანდიდატურა წარადგინა, რაც ხელს შეუწყობს ფონ დერ ლაიენის მიზნის მიღწევას, რომ ევროკომისიის შემადგენლობა გენდერულად უფრო დაბალანსებული იყოს. თუმცა, სლოვენიის პარლამენტმა მაინც უნდა დაამტკიცოს ეს ცვლილება, რამაც დააყოვნა კომისრების შემადგენლობის გამოცხადება.

ახალი კანდიდატის დასამტკიცებლად სლოვენიის პარლამენტში მიმდინარე პროცესი ფონ დერ ლაიენს მეტ დროს აძლევს ევროპის დედაქალაქებთან, მის კომისრებთან და სხვებთან კონსულტაციებისთვის.

ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას ევროპარლამენტის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადასტურებული. ევროპარლამენტის ორი მაღალჩინოსნის თქმით, შეხვედრა სტრასბურგში სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგება.

მედიის ცნობით, ლიეტუვის წარმომადგენელი ანდრიუს კუბილიუსი, სავარაუდოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალ ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის კომისრის პოსტს დაიკავებს.

ხოლო ლატვიის წარმომადგენელი ვალდის დომბროვსკისი დაინიშნება აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად "გაფართოებისა და უკრაინის აღდგენის" საკითხებში.

მსგავსი სიახლეები