ფრანგული კომპანია უკრაინაში მოწინავე დრონების წარმოებას დაიწყებს

ფრანგული სამხედრო კომპანია Turgis&Gailard უკრაინაში ტექნოლოგიურად მოწინავე დრონების წარმოებას დაიწყებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა La Tribune საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, დრონების წარმოების დაწყების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა უკრაინულ საწარმო ANTONOV-თან. კომპანიის ხელმღვანელის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ფრანგულმა და უკრაინულმა მხარეებმა კოორდინირებული სამუშაო უნდა გასწიონ წარმოების ხაზის ასაწყობად. 

ჯერჯერობით არ არის შერჩეული წარმოების ადგილი და შეიარაღება, რომლის ტარებაც დროს შეეძლება. ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელის ფანი ტურგის თქმით, უკრაინაში წარმოებული პირველი დრონი 2025 წელს უნდა აფრინდეს. 

საუბარია Aarok Male-ს ტიპის მძიმე უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელიც პირველად პარიზის ყოველწლიურ საავიაციო ფორუმზე შედგა. ეს საშუალო სიმაღლისა და მაღალი გამძლეობის დრონია, რომლის პირველადი დანიშნულებაც დაზვერვა და ინფორმაციის შეგროვებაა, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული მოეიერიშე მოდელებიც. 

დრონს დახმარების გარეშე ფრენა 24 საათი შეუძლია, ეს მას ამერიკული წარმოების MQ-9A-ს იგივე Reaper-ის კატეგორიაში აქცევს. ამ ტიპის დრონებს არ სჭირდებათ სპეციალური ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და მათი გაშვება პრაქტიკულად საველე პირობებშიც არის შესაძლებელი.

კონტექსტი 

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შეიარაღების წარმოების საერთაშორისო ალიანსის დამფუძნებელ შეხვედრას უმასპინძლა. ფორუმში მსოფლიოს 30 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო კომპანია მონაწილეობს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალიანსს უკვე შემოუერთდა 38 კომპანია 19 ქვეყნიდან. 

გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა Rheinmetall-მა მიიღო თანხმობა გერმანიის მთავრობისგან უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების, მომსახურებისა და შეკეთების ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. 

გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა საფრანგეთი თავდაცვის მინისტრი, რომლის დელეგაციაში შეიარაღების მწარმოებელი 20 ფრანგული შეიარაღების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები