ფრონტის ხაზი: 30 ივნისის 6 მთავარი ამბავი უკრაინიდან
უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომზე:
- NATO-ს გაფართოება: NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი "ისტორიულ გადაწყვეტილებას" უწოდებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში ფორმალურ მიწვევას. მიწვევა შვიდ ნაბიჯიანი მიღების პროცესის დასაწყისია. ამასობაში პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ნებისმიერ "საფრთხეს" უპასუხებს.
- აღმოსავლეთის ფლანგი ძლიერდება: NATO-ს ლიდერება აგრეთვე წარადგინეს ალიანსის აღმოსავლეთ კიდეში განლაგებული ძალების გაძლიერების გეგმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოაცხადა, რომ ამერიკელები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გააძლიერებენ ჯარებს. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას "მოსკოვისადმი ძალიან, ძალიან ნათელი სიგნალი" უწოდა.
- პუტინი უარყოფს სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას: რუსეთის პრეზიდენტმა უარყო, რომ შუაგულ უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის უკან რუსეთი დგას. თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მეტი დაშავდა ან ვერ პოულობენ."რუსეთის არმია სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის", - ირწმუნება პუტინი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სამხედრო ობიექტს ესროლეს, თუმცა კრემენჩუკში გადაღებული კადრები აჩვენებს, როგორ ხვდება სავაჭრო ცენტრს რაკეტა.
- სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე: უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოთხშაბათს ნიკოლაევში "სამოქალაქო ობიექტებს" 10 რუსული რაკეტა ესროლეს. დაიღუპა მინიმუმ ხუთი ადამიანი. "თავდასხმა მსოფლიოში ყველას უდასტურებს, რომ რუსეთზე არასაკმარისი წნეხია", - თქვა ზელენსკიმ ღამის მიმართვაში.
- ლისიჩანსკის გამუდმებული დაბომბვა: რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ლისიჩანსკის შტურმს ცდილობენ. ქალაქში, სადაც 15 ათასი ადამიანი რჩება, განუწყვეტლივ მიმდინარეობს დაბომბვა. "ცეცხლის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია. იმდენად, რომ ავტობუსში მხოლოდ 30 კაცის აყვანას ვახერხებთ", - ამბობს ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- ვიდოდო ზელენსკისა და პუტინს ხვდება: ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ოთხშაბათს კიევში გაემგზავრა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და ნოემბერში ბალიში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე პირადად მიიწვია. ხუთშაბათს ის მოსკოვში უნდა გაემგზავროს პუტინთან შესახვედრად. ვიდოდოს თქმით, "დიალოგის შენების, ომის შეჩერების და მშვიდობის შენების" იმედი აქვს.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.