ფრონტის ხაზი: 7 ივნისის 6 მთავარი ამბავი უკრაინიდან
რუსულმა ჯარებმა საკვანძო მნიშვნელობის ქალაქ სლავიანსკის ჩრდილოეთ მისადგომებთან თავდასხმა გააგრძელეს. აღმოსავლეთით, დონბაბსის რეგიონში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ამასობაში უკრაინელები აცხადებენ, რომ ახლომდებარე ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში ვითარება „ყოველ საათში“ იცვლება.
უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:
· დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება: აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება სადაზვერვო ინფორმაციის დეკლასიფიცირებაზე. ამერიკელები ირწმუნებიან, რომ 24 თებერვლამდე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე საუბარს აშშ-ს პარტნიორები და მოკავშირეები „სკეპტიციზმით“ ხვდებოდნენ.
· აზოვსტალის ტყვეები: ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეპყრობილი 2500 ტყვე, შესაძლოა, ახლა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ჰყავდეთ. ზელენსიმ თქვა, რომ რუსების გეგმები ტყვეებთან დაკავშირებით მუდამ იცვლება.
· რუსეთს შავი ზღვის გემები „გაჰყავს“: უკრაინული ფლოტის თანახმად, მათი რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შედეგად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები უკრაინის სანაპიროს 100 კმ-ზე დიდი მანძილით დაშორდნენ. ორშაბათს, ოპერაციების სიახლეებზე საუბრისას, უკრაინის ფლოტში განაცხადეს, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე კონტროლის აღსადგენად, რუსებმა ყირიმისა და ხერსონის რეგიონებში სანაპირო სარაკეტო სისტემები დააყენეს.
· სევეროდონეცკში ვითარება „ყოველ საათში“ იცვლება: აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ადგილობრივი სამხედრო ჩინოსანი ოლექსანდრ სტრიუკი ამობს, რომ „ქალაქის დასაბრუნებლად საკმარისი უკრაინული ძალები და საშუალებებია. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები და ქუჩის შეტაკებები“. სტრიუკის თქმით, ქალაქი რუსებმა მიწასთან გაასწორეს.
· რუსეთი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს უმატებს: უკრაინის თავდაცვის სამინსიტროს თანახმად, რუსებმა უკრაინის მასშტაბით არაერთი სამიზნის მიმართულებით რაკეტები და საავიაციო იერიშები გაუშვეს. მათი ამოცანა უკრაინული თავდაცვის ჩამოშლა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთი ახორციელებს „ინტენსიურ თავდასხმით ოპერაციებს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მთლიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ“.
· მარცვლეულის საწყობს რაკეტა მოარტყეს: ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაგმო რუსების სარაკეტო თავდასხმა უკრაინის მარცვლეულის ტერმინალზე გასული კვირის ბოლოს, სამხრეთის საპორტო ქალაქ ნიკოლაევში. ჟოზეპ ბორელის თქმით, თავდასხმა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელ პირობას, შავ ზღვაში უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი კომერციული გემებისთვის.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.