გადატრიალება გაბონში: არმიის ოფიცრები არჩევნების შედეგებს გაუქმებულად აცხადებენ
გაბონში არმიის ოფიცრებმა გამოაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები გაუქმებულია და ძალაუფლება თავად აიღეს ხელში.
სატელევიზიო მიმართვაში 12-მა ოფიცერმა თქვა, რომ ისინი ქვეყნის მთლიან შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენენ.
მათ თქმით, გაუქმებულია შაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ალი ბონგო გამარჯვებულად გამოცხადდა.
გაბონის საარჩევნო კომისიის თანახმად, ალი ბონგომ ხმების დაახლოებით 65% მიიღო, ოპოზიცია კი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს.
ოფიცრებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყნის საზღვრებს განუსაზღვრელი ვადით კეტავენ. მათი განცხადების შემდეგ გაბონის დედაქალაქ ლიბრვილში სროლის ხმაც გაისმა.
მთავრობას გადატრიალების მცდელობისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია და უცნობია ალი ბონგოს ადგილსამყოფელიც. თუმცა მოსალოდნელია, რომ გადატრიალების მცდელობა წინააღმდეგობას შეხვდება.
თუ სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდა, გაბონში ბონგოს ოჯახის 53 წლიან მმართველობას მოეღება ბოლო.
ალი ბონგო ქვეყნის პრეზიდენტი 2009 წელს გახდა მამამისის, ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ.
მისი მმართველობის ხანაში ეს გაბონში გადატრიალების პირველი მცდელობა არაა - 2019 წელს ალი ბონგომ აჯანყების ჩახშობა შეძლო და მისი ოპონენტები ციხეში გაისტუმრა.