გაეროს ატომური სააგენტო: ირანი ბირთვულ მარაგებს ზრდის

 

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) განცხადებით, ირანი გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდას აგრძელებს, რაც 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანი 17.7 კილოგრამ 60 %-ანი სიწმინდის ურანს ფლობს, რაც აგვისტოსთან შედარებით 8 კილოგრამით უფრო მეტია.

სააგენტო აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ორგანიზაციის მისიას ბირთვული მარაგების ინსპექციის უფლება შეუზღუდა.

გამდიდრებული ურანი თეირანს ატომური იარაღის წარმოების საშუალებას მისცემს.

 


2015 წელს გაფორმებული შეთანხმება დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე უარს იტყოდა და ატომურ ენერგეტიკას საერთაშორისო ინსპექციას დაუქვემდებარებდა.

2018 წელს აღნიშნული შეთანხმება პრეზიდენტმა ტრამპმა დატოვა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კი ხელშეკრულებაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

29 ნოემბერს მოლაპარაკების განახლების მიზნით ვენაში ბირთვული შეთანხმების მხარეები - ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი - ირანელ დელეგატებს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები