უფლებადამცველები: ირანში საპროტესტო აქციების მსვლელობისას 36 ადამიანი დაიღუპა
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, ირანში ბოლო 10 დღეში, საპროტესტო აქციების მსვლელობისას მინიმუმ 36 ადამიანი დაიღუპა.
ჩაშლილად: ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) წერს, რომ დაიღუპა 34 საპროტესტო აქციის მონაწილე და 2 სამართალდამცავი.
- გარდა ამისა, HRANA-ს ინფორმაციით, დაშავებულია 60 და დაპატიმრებულია 2067 ადამიანი.
- ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, 6 იანვარს, ქალაქ მალქშაჰში, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი.
წინარე ისტორია: ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო.
- თეირანში ინფლაციის გასაპროტესტებლად მაღაზიების მფლობელები შეიკრიბნენ.
- მომიტინგეებს თეირანის უნივერისტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
- მოგვიანებით მიტინგები მთელ ქვეყანას გადაედო, ბოლო მონაცემებით, აქციები 92 ქალაქში მიმდინარეობს.
- რამდენიმე ახლოაღმოსავლური მედიის ცნობით, ქალაქ აბდანანში სამართალდამცავებმა იარაღი დაყარეს და აქციის მონაწილეებს დაუჭირეს მხარი. ამ დროისთვის ქალაქს მთლიანად მომიტინგეები აკონტროლებენ.
სიღრმისეულად: ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამინეიმ განაცხადა, რომ მომიტინგეებს "თავიანთი ადგილი უნდა მიუჩინონ" და დაიფიცა, რომ "მტერს ქედს არ მოუხრის".
- ირანის მთავარმა მოსამართლემ, ღოლამჰოსეინ მოჰსენ ეჰეიმ თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის მოისმინოს "მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნები", მაგრამ "აჯანყებულების მიმართ ლმობიერებას არ გამოიჩენს".
- "გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში შეშფოთებულია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციით". - განუცხადა ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა სტეფან დუჟარიჩმა.
- 2 იანვარს ირანში, სამართალდამცავების მიერ მოკლული მომიტინგეების ამბავს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: "მზად ვართ ვიმოქმედოთ".