გერმანია: ევროკავშირი უკრაინის €50 მილიარდიან დახმარებას უნგრეთის გარეშე დაამტკიცებს
გერმანია ელის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარების 50 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტს ნებისმიერ შემთხვევაში დაამტკიცებენ. ამის შესახებ Bloomberg-მა 28 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ კრისტიან ვაგნერზე დაყრდნობით დაწერა.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაგნერმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს "აქტიურ კამპანიას" 2024 წლის დასაწყისში უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის გამოსაყოფად.
მისი თქმით, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ვაგნერმა დასძინა, რომ "ევროკავშირის 26 წევრი (ევროკავშირის 26 წევრი ქვეყანა უნგრეთის გარეშე - რედ.), რა თქმა უნდა, ასევე შეძლებს მოქმედებას." ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს არ უსაუბრია, თუ როგორ შეიძლება ასეთი მხარდაჭერის ორგანიზება.
"ეს ასევე მოითხოვს შემდგომ კონსულტაციებს ბრიუსელში," - აღნიშნა ვაგნერმა.
როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერები ეძებენ გზებს უნგრეთის გვერდის ავლით დახმარების გამოსაყოფად.
ალტერნატიული გზით წევრი ქვეყნები უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტის გარეშე ჩაურიცხავენ თანხას. ეს წინადადება მოიცავს წევრი ქვეყნების ეროვნულ გარანტიებს ბაზრებიდან დაფინანსების მოზიდვას, თუ უნგრეთი ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ბლოკირებას 1 თებერვლის სპეციალურ სამიტზეც გააგრძელებს.