გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს €2 მილიარდი ზრდის, 1.4 მილიარდი უკრაინას მოხმარდება
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აპირებს 2 მილიარდი ევროთი გაზარდოს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი. ეს თანხა ძირითადად უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯება.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ARD ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ცნობები თავის ტვიტში დაადასტურა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა.
"მედიაში გავრცელებული ცნობები მართალია: ბიუჯეტის ცვლილებები სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების 2 მილიარდი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს. ამ თანხის დიდი ნაწილი უკრაინის დასახმარებლად მიემართება - კანცლერი ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა", - წერს ლინდნერი.
არსებული ცნობებით გამოყოფილი 2 მილიარდიდან 1 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინისთვის გადასაცემ შეიარაღებაზე დაიხარჯება, ხოლო დამატებით 400 მილიონი ევრო ევროპის მშვიდობის ფონდს გადაერიცხება, რომელიც ასევე, ყიდულობს შეიარაღებას უკრაინისთვის.
400 მილიონი ევრო კი სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხაა, თუმცა ამ სახელმწიფოების ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია.
გერმანია დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე. მეტიც, ის ბლოკავდა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემასაც.
ეს ყველაფერი 26 თებერვალს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოლაფ შოლცმა თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდული ზრდა და ამ მიმართულებით პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება გამოაცხადა.
ამ დღიდან მოყოლებული გერმანია უკრაინას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას აწვდის.